X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხაშურის №4 ახალი სკოლის მშენებლობისთვის კონტრაქტორი უკვე შერჩეულია

20 ოქტომბერი 2026

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი, როგორც სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარ იყო შეთანხმებული, 20 ოქტომბრისთვის უკვე დაწყებულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობის, მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ხაშურის №4 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან. გარკვეული პერიოდის წინ მათ შევხვდით და დავპირდით, რომ 20 ოქტომბრისთვის სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებული იქნებოდა. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ დროისთვის დავგეგმეთ. როგორც ხედავთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მშობლებსა და პედაგოგებს ასევე ვაცნობეთ, რომ ახალი სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები. ჩვენი მიზანია, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა შეუფერხებლად გაგრძელდეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ხელშეკრულებით სკოლის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ივლისშია გათვალისწინებული, თუმცა სამინისტრო შეეცდება, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაოები უფრო ადრე დასრულდეს.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხია. სამუშაოებზე მაქსიმალური კონტროლი განხორციელდება, რათა ხარისხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს. ამავდროულად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, სკოლა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდეს და ბავშვებმა 2028–2029 სასწავლო წელი უკვე ახალ შენობაში დაიწყონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამ ეტაპზე, არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟის პარალელურად, მიმდინარეობს საექსპერტო კვლევები, პროექტის კორექტირება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

ხაშურის №4 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადმოეცა.